logo
ENG



"რიონის ხეობის მცველებმა" კომპანია "ენკას" გზა კიდევ ერთ ადგილას გადაუკეტეს

30 მაი 202114:04
3 წუთის საკითხავი
 

"რიონის ხეობის მცველებმა" კიდევ ერთი კარავი სოფელ სორმონში გაშალეს და გზა გადაკეტეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული გზიდან კომპანიას მუშახელი და პროდუქტი შეჰქონდა ჰესის ტერიტორიაზე.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, სორმონის გზის დაკეტვით კომპანიას აღარ რჩება გზა, რითაც შეიძლება ხეობაში შესვლა. როგორც მან აღნიშნა, სოფლის მცხოვრებლებმა თავად გამოთქვეს სურვილი, ეს გზა გადაეკეტათ კომპანია ენკასთვის.

„კომპანიამ ალტერნატიული გზა გამოძებნა და აქედან „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის „მწვანე ყვავილადან“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩვენ სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. მეტი ადგილი აღარაა, გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად ვერ გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეჰყავდათ და პროდუქტი შეჰქონდათ", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

"რიონის ხეობის მცველებს" სულ ჯამში სამ ადგილას აქვთ ხეობაში შესასვლელი გადაკეტილი: გუმათჰესთან, კომპანია ენკას ბაზასთან და დღეიდან სოფელ სორმონში.

 

 

"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანჰესის აშენებას 6 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. ჩაატარეს რამდენიმე მრავალრიცხოვანი აქცია, მათ შორის თბილისშიც. როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეები თვითორგანიზდებიან, ასევე, ფინანსურად ეხმარებიან ემიგრანტები.

მას შემდეგ, რაც "რიონის მცველების" დაფინანსებაზე საუბარი დაიწყო, მოქალაქეებმა ფეისბუქზე დაიწყეს კამპანია "მე გადავრიცხე", რითაც ხაზს უსვამენ, რომ პროტესტის მიღმა მათ გარდა არავინ დგას. 

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა